ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი აქვეყნებს ანგარიშს კლინიკა ვივამედის დაცული პალატების შესახებ, სადაც მსჯავრდადებულები სამედიცინო მომსახურებას იღებენ.
ანგარიშის მიხედვით, ვივამედი პაციენტებს ვერ სთავაზობს შესაბამის თერაპიულ გარემოს, რადგან "საბოლოო სიტყვა არა ექიმებზე, არამედ პენიტენციურ სისტემაზეა".
დოკუმენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები, თუმცა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დოკუმენტში, ის მოხსენიებულია როგორც პაციენტი C-ი. კომიტეტის შეფასებით, კლინიკაში არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამავე ანგარიშში წერია, რომ პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. გარდა ამისა, წამების კომიტეტი კლინიკა ვივამედში მკაცრი რეჟიმის პალატების ფუნქციონირების წესის რეკომენდაციას გასცემს. მასში ნათქვამია, რომ დელეგაციის დასკვნები ადასტურებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული არადამოუკიდებლობის მუდმივ პრობლემას. ამიტომ, კომიტეტი მიიჩნევს, რომ დიდი ხნის დაგეგმილი ციხის ჯანდაცვის პასუხისმგებლობების გადაცემა ჯანდაცვის სამინისტროსთვის აუცილებელი და დროულია.
მაგალითად მე-17 პარაგრაფში წერია: "კიდევ ერთი სერიოზული ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. პრინციპში, როდესაც საჭირო იყო, კლინიკას შეეძლო ასეთი სპეციალისტის მომსახურეობის მიღება კლინიკის მიღმა კონსულტანტებისგან, მაგრამ პაციენტის სიტუაცია იძლევა მტკიცებულებას, რომ პრაქტიკაში ამან კარგად არ იმუშავა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალებში შესვლის სურვილის გარეშე, ფსიქიატრიული დახმარების შეთავაზება, საუკეთესო შემთხვევაში აშკარად იყო მწირი და სპონტანური. კომიტეტი რეკომენდაციას იძლევა, გადაიდგას ნაბიჯები ფსიქიატრიულ დახმარებასთან წვდომის გასაუმჯობესებლად პატიმრებისთვის, რომლებიც ვივამედის კლინიკის მკაცრი რეჟიმის პალატებში არიან გადაყვანილი.
ანგარიშში მოცემულია საქართველოს მთავრობის პასუხიც: "პაციენტ C-ს მკურნალობაში მედიკოსები სხვადასხვა სფეროდან არიან ჩართული. ექიმების მიერ გამოწერილი ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა ეთანხმება კონკრეტული დაავადებებისთვის გაწერილ გაიდლაინებსა და პროტოკოლებს. უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტი C-ი არაერთხელ ამბობდა უარს ფსიქოლოგსა თუ ფსიქიატრთან კონსულტაციაზე. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტის შემდეგაც კი, პაციენტ C-ის შესთავაზეს ფსიქიატრის მკურნალობა. მას ასევე ჰქონდა თავისუფლება თვითონ აერჩია ფსიქიატრი მკურნალობისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ უარი თქვა, დროის უქონლობაზე მითითებით".
ასევე ანგარიშის მე-20 პარაგრაფში ვკითხულობთ: "ვივამედის კლინიკის მე-4, მე-5 და მე-6 სართულებზე უსაფრთხოების ზომები იყო გადამეტებული, რაც შეუთავსებელია თერაპიისთვის გარემოს შექმნასთან. კერძოდ მე-5 სართულზე, პროცედურები უტოლდებოდა სამედიცინო კონფიდენციალურობის სრულ უარყოფას, რამაც დააზიანა ნდობა პაციენტსა და ჯანდაცვის პერსონალს შორის. ამან კი ძირი გამოუთხარა მისი სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივებს. ეს სავალალო მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა წესებმა, რომელიც არეგულირებს პაციენტთა სამედიცინო მონაცემებისადმი მოპყრობას. პაციენტების თანხმობას მოითხოვდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ სამედიცინო ინფორმაცია მათი ადვოკატებისთვის მიეწოდებინათ, საპირისპირო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარებასთან წვდომაზე იღებდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, რაც იმ პრინციპის აშკარა დარღვევაა, რომლის თანახმად, არასამედიცინო პერსონალს მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ უნდა მიეწოდოს მკაცრი მოთხოვნის აუცილებლობის საფუძველზე".
მთავრობის პასუხში წერია, რომ ვივამედში ყველა პატიმრის სამედიცინო კონფიდენციალურობა სათანადოდ დაცულია. ნებისმიერი განცხადება მედიაში პაციენტი C-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთდა ბრალდებების საპასუხოდ, არასათანადო მოპყრობისა და მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.
21-ე პარაგრაფი: "რამდენიმე ბოლო დროინდელ შემთხვევებთან დაკავშირებით, განცხადებები გაკეთდა მედიისთვის კლინიკის ექიმებისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ან იუსტიციის სამინისტროს პერსონალის მიერ პაციენტ სის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მკურნალობასა და შეთავაზებული თერაპიის მიმართ მიდგომაზე, აშკარად მისი წინასწარი თანხმობის გარეშე. ეს წარმოადგენდა სამედიცინო კონფიდენციალურობის მორიგ უხეშ დარღვევას".
ანგარიში დღეს გამოქვეყნდა. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრები დაუგეგმავად კლინიკა ვივამედს გასული წლის მარტში ეწვივნენ და ვითარებას რამდენიმე დღის განმავლობაში სწავლობდნენ.